“სასიკვდილო ხუმრობა” და ფილოსოფია — თარგმანი

Guri Getsadze
4 min readNov 3, 2019

--

ნათარგმნია ინგლისურიდან ქართულად.

ორიგინალი სტატია: The Killing Joke and Philosophy by Matthew William Brake

ყურადღება: ტექსტი შეიცავს ‘სპოილერებს’

“სასიკვდილო ხუმრობის” სიუჟეტი მარტივ იდეას ეფუძნება: ჯოკერს უნდა დაამტკიცოს, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მისგან არც ისე განსხვავდებიან. ბარბარა გორდონის დახეიბრების შემდეგ, ის იტაცებს კომისარ გორდონს და ცდილობს მის გაგიჟებას გაშიშვლებით, მიტოვებულ გასართობ პარკში წაყვანითა და მისი შიშველი, გატანჯული შვილის სურათების ჩვენებით. როცა ბეტმენი კომისარის გადასარჩენად მოვა, ჯოკერი მას ეუბნება:

“იცი, რა, არ აქვს მნიშვნელობა, დამიჭერ და საგიჟეთში დამაბრუნებ თუ არა… გორდონი ჭკუიდან შეიშალა. დავამტკიცე, რომ მართალი ვარ. ვაჩვენე, რომ ჩემსა და ყველა დანარჩენს შორის განსხვავება არ არსებობს! მხოლოდ ერთი ცუდი დღეა საჭირო, რომ ყველაზე საღი გონების ადამიანიც კი ჭკუიდან შეშალო. აი, რა აშორებს სამყაროს ჩემს მდგომარეობამდე. მხოლოდ ერთი ცუდი დღე.”

აღსანიშნავია ჯოკერის დაჟინება იმ იდეაზე, რომ სინამდვილეში ყველა მისნაირია, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად უარყოფენ ბეტმენი და გორდონი(რომელიც, რეალურად, არ გაგიჟებულა) მისი ვარაუდის სიზუსტეს. როცა ბეტმენი ჯოკერს დაეწევა, ეუბნება: “აქ მოსვლამდე კომისარ გორდონს ვესაუბრე. კარგადაა. შენი ავადმყოფური, ბოროტი თამაშების მიუხედავად, ის ძველებურად საღ გონებაზეა. ასე რომ, იქნებ ჩვეულებრივი ადამიანები ყოველთვის არ ტყდებიან. იქნებ არ არის საჭირო, უბედურების ჟამს სხვა გულისამრევ არსებებთან ერთად სოროში ჩაძვრე.. იქნებ მხოლოდ შენზე იმოქმედა ასე.” ეს არ არის ბეტმენის მიერ მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ ჯოკერი გორდონის გაგიჟებაში წარუმატებელი აღმოჩნდა, არამედ ის ამტკიცებს, რომ ჯოკერის განწყობა სიგიჟისადმი უნიკალური რამაა და სხვა ადამიანებთან კავშირი არ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ბეტმენი თავისებურად ისეთივე არასტაბილურია როგორც ჯოკერი, ის მაინც ცდილობს, დისტანცია დაიცვას თავისი მტრისგან. როცა ჯოკერი იწყებს არსებობის აბსურდულობის მხილებას, ის იმედგაცრუებით ეკითხება ბეტმენს:

რატომ არ შეგიძლია, ამის სასაცილო მხარეც დაინახო? რატომ არ იცინი?

ბეტმენი პასუხობს:

იმიტომ, რომ ეს ადრეც მომისმენია… და პირველადაც არ იყო სასაცილო.

როგორც ჯოკერი მიგვითითებს, ბეტმენი ჭკვიანია და აშკარაა, რომ მას რეალობის აბსურდულ ბუნებაზე აქამდეც ნაფიქრი ექნებოდა, მაგრამ ასე რომც იყოს, ბეტმენი ამას არ აღიარებს. ის ჯოკერის სიგიჟესა და თავის მენტალურ მდგომარეობას მკაცრად აცალკევებს.

და რატომ? შეიძლება, რომ ჯოკერი მართალი იყოს? არის თუ არა ხაზი გონიერებასა და შეშლილობას შორის იმაზე უფრო თხელი, ვიდრე ბეტმენი და გორდონი აღიარებენ?

თავის პიონერულ ნაშრომში “შეშლილობა და ცივილაზაცია: სიგიჟის ისტორია გონიერების ხანაში” მიშელ ფუკო დასავლეთში არსებულ გონიერებისა და შეშლილობის კომპლექსური ურთიერთობის არქეოლოგიას გვაწვდის, დაწყებული რენესანსიდან თანამედროვე პერიოდამდე(დაახლოებით მე-15 საუკუნიდან მე-19-მდე). აქ ჩვენ შეიძლება გავიაზროთ ბეტმენის ანტიპათია ჯოკერის იმ ვარაუდის შესახებ, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეშლილობა არასდროსაა შორეული.

ფუკო თავის წინასიტყვაობაში წერს, რომ “თანამედროვე ადამიანი აღარ ამყარებს კომუნიკაციას შეშლილთან”. ფუკო აკვირდება, რომ რენესანსისას(მე-15, მე-16 საუკუნეები) შეშლილობა მიიჩნეოდა როგორც ტრანსცენდენტული ცოდნის ფორმა, რომელიც ადამიანს ასწავლიდა მასში არსებული ურჩხულის შესახებ, რომელიც გამოხატავდა ამ შეშლილობას. მას დამრიგებლობითი ღირებულება ჰქონდა, რომელსაც რენესანსისას აფასებდნენ.

კლასიკური ხანისას(მე-17, მე-18 საუკუნეები) საიზოლაციო დაწესებულებების შექმნით დაიწყო შეშლილობის დადუმების პროცესი, განსაკუთრებით კი პარიზის გენერალური ჰოსპიტალის დაფუძნებით 1656 წელს. როგორც ფუკო აღნიშნავს, რენესანსმა შეშლილობა ტრანსცენდენტულობასთან დააკავშირა. კონტრასტულად, კლასიკურმა ხანამ შეშლილობა “უსარგებლობის დაგმობის” ობიექტივში გაატარა და განდევნა “როგორც სხვა სამყაროში, სოციალური გამოუსადეგარობის ყველა ფორმა”. ეს იყო ის გადამწყვეტი მომენტი, როცა შეშლილობა პრობლემა გახდა. გონიერება ვეღარ მოუთმენდა საფრთხის შემქმნელებს, ამიტომაც უგუნურნი სხვა რეალობაში გააძევეს. შეუძლებელია, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფო Arkham არ გაგახსენდეს.

კლასიკურმა ხანამ გამოსცადა სირცხვილის გრძნობა შეშლილობასთან მიმართებაში. ეს იყო “უგუნურების ამორალურობის სკანდალი”. შეშლილობა “მიღმიერების ნიშანი” კი აღარ იყო, არამედ “ადამიანი პირდაპირ კავშირში ცხოველურობასთან… გამოსავლის გარეშე”, და აღარ მიიჩნეოდა დამრიგებლურად. შეშლილობა აღარ მიუთითებდა სხვა სამყაროზე; ის მიუთითებდა არარსებობაზე, რომელიც იმუქრებოდა ადამიანის სიბნელეში შთანთქმით. თუნდაც კლასიკურ პერიოდში, ადამიანს შეშლილში საკუთარი დაცემა შეეძლო დაენახა. შესაბამისად, მაინც არსებობდა გონიერებასა და შეშლილობას შორის გარკვეული ურთიერთობა.

თანამედროვე ხანაში(დაახლოებით მე-18 საუკუნის ბოლო და მე-19 საუკუნე) გონიერებასა და შეშლილობას შორის კავშირი გაწყდა. შეშლილობა უბრალოდ მიიჩნევა როგორც დაავადება, რომელსაც “არანაირი სიმართლის” გამოვლენა ან დამალვა შეუძლია. ის იყო დანახული როგორც დამაბინძურებელი, რომლისგანაც სხვებს დაცვა სჭირდებოდათ. ფუკო აღნიშნავს, “გიჟის არსებობა უსამართლობადაა წარმოჩენილი; ოღონდ სხვებისთვის”. აღარ გვხვდება “დიადი, გარდაუვალი შეპირისპირება გონიერებასა და უგუნურებას შორის”. რეალურად, დიალოგიც კი არ არსებობს; მხოლოდ იმათი გაძევება, რომლებიც “საზოგადოებრივ წესრიგს” საფრთხეს უქმნიან. მახსენდება ჰარვი დენტთან ჯოკერის საუბარი ბნელ რაინდში:

“თავზარი არავის ეცემა, როცა ყველაფერი ‘გეგმის მიხედვით’ მიდის. თუნდაც ეს გეგმა შემაძრწუნებელი იყოს! თუ მე ხვალ პრესას ვეტყვი, რომ განგსტერს ესვრიან, ან ჯარისკაცები აფეთქდებიან, არავის შეეშინდება, რადგან ეს ყველაფერი ‘გეგმის ნაწილია’. მაგრამ თუ მე ვიტყვი, რომ ქალაქის ერთი პატარა მოხუცი მერი მოკვდება, მაშინ ყველა გონებას კარგავს! შემოიტანე ცოტა ანარქია. დაარღვიე შექმნილი წესრიგი, და ყველაფერი ქაოსი ხდება.”

რა სიმართლეც არ უნდა ერიოს ჯოკერის სიტყვებში მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თანამედროვე პერიოდში შეშლილობა შეშლილობაა. მას ჩვენთვის არაფერი აქვს სათქმელი.

შეგვიძლია უკეთ დავინახოთ, თუ რატომ იჟინებენ ბეტმენი და გორდონი ასეთ მკაცრ გამყოფ ხაზს მათსა და ჯოკერს შორის. შეშლილს არ გააჩნია გონიერ ადამიანთან გამოსააშკარავებელი სიმართლე. დიალოგი ნებადართართული არ არის.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ჯოკერი შეიძლება არ ცდებოდეს. თავისი წიგნის ბოლოს ფუკო აღნიშნავს, თუ დღემდე როგორ დევნის შეშლილობა თანამედროვე სამყაროს ხელოვნებითა და მოაზროვნეების, მაგალითად ნიცშეს, ნამუშევრებით. ისინი იწვევენ, რომ სამყარომ საკუთარი გონიერება და საღი აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რომ “თავი გაიმართლოს შეშლილობის წინაშე”, თუმცა პასუხს ვერ ვიღებთ.

ფუკო გვაჩვენებს, რომ შეშლილობა ყოველთვის არ ყოფილა შორეული მოსალოდნელობა ადამიანისთვის. იქნებ ჩვენ უფრო მიდრეკილნი ვართ მისკენ, ვიდრე გვგონია. ერთმა ექიმმა ჟენევადან, თქვა:

“არ ადიდოთ თქვენი მდგომარეობა, თუ თქვენ ბრძენი და ცივილიზებული ადამიანი ბრძანდებით; წამიც კი საკმარისია თქვენს საამაყო სიბრძნეში არეულობისა და სპობის შემოსატანად; მოულოდნელი მოვლენა, სულის მკვეთრი, უეცარი ემოცია უცაბედად გადააქცევს ყველაზე გონიერ და ჭკვიან ადამიანს ველურ იდიოტად.”

სხვა სიტყვებით, როგორც ჯოკერი ამბობს:

“მხოლოდ ერთი ცუდი დღეა საჭირო, რომ ყველაზე საღი გონების ადამიანიც კი ჭკუიდან შეშალო. აი, რა აშორებს სამყაროს ჩემს მდგომარეობამდე. მხოლოდ ერთი ცუდი დღე.”

ფუკოს არქეოლოგია წარმოგვიდგენს იმ შესაძლებლობას, რომელსაც გორდონი და ბეტმენი არასდროს გაითვალისწინებდნენ.

ჯოკერი, თავის სიგიჟეში, შეიძლება ჩვენ შესახებ მართალი იყოს.

--

--