იარაღზე უფლებები არ არის დამოკიდებული სტატისტიკაზე — თარგმანი

ნათარგმნია ინგლისურიდან ქართულად.

ორიგინალი სტატია: Tim Hsiao: Gun Rights Don’t Depend on Statistics

კარგია, როცა სტატისტიკა ჩვენს მხარესაა. როცა საქმე იარაღებს ეხება, ჩემი აზრით, საუკეთესო სტატისტიკური მტკიცებულებები აჩვენებს, რომ იარაღები სიკეთის მომტანია. თუმცა, რა იქნებოდა მაშინ, ეს რომ ასე არ ყოფილიყო და მონაცემებს ეჩვენებინა, რომ ნებადართული იარაღის ქონა უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სიკეთის?

განსაკუთრებული არაფერი. რამდენადაც ღირებულია, სტატისტიკა არ არის ყველაფერი. ის არც მაშინაა ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც საჯარო პოლიტიკური გადაწყვეტილებებს ვიღებთ— მითუმეტეს მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილებები ბუნებრივ უფლებებს მოიცავენ.

უტილიტარიანული მოდელის პრობლემები

როცა საჯარო დისკუსიისას სტატისტიკაზე საუბარი იწყება, ეს თითქმის ყოველთვის არის ხარჯ-სარგებლის ანალიზის ნაწილი. ეს ნიშნავს მოცემული კანონპროექტის პოზიტივის და ნეგატივის აწონ-დაწონვას. თუ მას მეტი დადებითი აღმოაჩნდა, ვიდრე უარყოფითი, მაშინ იგულისხმება, რომ კანონპროექტის მიღება სწორი იქნება და პირიქით, თუ მას უფრო მეტი უარყოფითი აღმოაჩნდა, მაშინ იგულისხმება, რომ კანონპროექტის მიღება ცუდი იდეა იქნება.

მარტივი ჩანს, არა?

ბევრი ფიქრობს, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება კანონების შესახებ ამ მოდელს უნდა მიყვეს. ამ გზით ფიქრს საკუთარი ტექნიკური ტერმინიც აქვს და მას უტილიტარიანიზმი ჰქვია. უტილიტარიანიზმის ღირსება არის ის, რომ მარტივი, ბუნებრივი და პირდაპირი გზაა გადაწყვეტილებების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ მოითხოვს რელევანტური მონაცემების და კვლევის მეთოდების(ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს “ექსპერტების” ნდობა) გაცნობას, ძირითადი პრინციპი ინტუიციურია — ის რიცხვების შესახებაა.

რაც არ უნდა ინტუიციურად ჟღერდეს, ბევრი რამ არსებობს, რომელსაც მხოლოდ რიცხვების თამაშამდე ვერ დავიყვანთ. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ უდანაშაულო უმცირესობის დამონებას უფრო მეტად კარგი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე ცუდი. თუ რიცხვებში ეს ასეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რომ არანებაყოფლობითი მონობა გამართლებულია ამ სიტუაციაში? რა თქმა უნდა არა. უდანაშაულო უმცირესობის უფლება ავტონომიაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საზოგადოებრივი სარგებელი.

კიდევ ერთი ცნობილი მაგალითი: წარმოვიდგინოთ, რომ 5 ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა არის ქირურგის მიერ უდანაშაულო ადამიანის მოკვლა და დანარჩენ ხუთზე ორგანოების გადანაწილება. რადგანაც ჯამურად “პოზიტიურ” შედეგს ვიღებთ, გამართლებული იქნებოდა მისი ეს ქმედება? გავიმეორებ, რომ რა თქმა უნდა — არა. უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის უფლება წინააღმდეგობაში მოდის ე.წ. “greater good”-ის იდეასთან.

ასე რომ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმეს “აზრი აქვს” რიცხვების პერსპექტივიდან, არ ნიშნავს, რომ ის მორალურად გამართლებულია.

როცა ამ მაგალითებს საკლასო ოთახში ვამბობ, ერთი გამოხმაურება, რომელსაც აუცილებლად ვიღებ, არის ის, რომ ეს სცენარები “სულელურია” იმიტომ, რომ ისინი “არასდროს მოხდებოდა!”. შეიძლება არც კი მოხდეს, მაგრამ ეს სრულიად აცდენილია ჩემს აზრს. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ არსებობს კონკრეტული რაღაცები, რომლებიც ხარჯ-სარგებლის ანალიზზე უფრო მნიშვნელოვანია. ამ სცენარების ექსტრემალური ბუნება უბრალოდ გვეხმარება, რომ ისინი უფრო ნათლად გამოჩნდეს.

უფლებები იმარჯვებს სარგებელზე

რა გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან? ამ მაგალითებიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ბუნებრივი უფლებები არაა დამოკიდებული სოციალური სარგებლის ბალანსზე, და ისინი არ შეიძლება გადაიფაროს მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. “greater good” დევს სასწორზე.

რომ დავინახოთ რატომ, დაუსვით თქვენს თავს ასეთი შეკითხვა: რატომ გაქვთ სიცოცხლის უფლება? იმის გამო, რომ რაღაც წვლილი შეგაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში? არა. თქვენი სიცოცხლის უფლება არაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტურები ან სარგებლიანები ხართ. თქვენ არ მუშაობთ სიცოცხლის უფლების “გამოსამუშავებლად”, და არც თქვენი დამსახურების მიხედვით გენიჭებათ ზემოთხსენებული. ამის მაგივრად, ის არის ბუნებრივი უფლება, რომელიც გააჩნია ნებისმიერს, რომელსაც აქვს ადამიანური ბუნება.

მორალის ფუნდამენტური მიზანი კარგად ცხოვრებაა, მაგრამ ეს შეუძლებელია, თუ პირის ინტერესებს სხვების ინტერესები ხუთავს. ამ მიზეზის გამო, უფლებები ფარია ჩვენი ‘კარგების’ დასაცავად, რომლებიც გვჭირდება, რომ განვვითარდეთ. ისინი სხვებს უწესებენ ვალდებულებას, რომ მათ პატივი სცენ. თავიანთი ბუნებიდანვე გამომდინარე, უფლებები სიმაგრეა საზოგადოებრივი სარგებლის წინააღმდეგ.

სიცოცხლის, თავდაცვისა და იარაღის უფლებები ერთი პაკეტია

მოდით, დავუბრუნდეთ სიცოცხლის უფლებას. ის არის ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური უფლება. სწორედ მას ეყრდნობა ყველა სხვა. სხეულის ავტონომია, გამოხატვის თავისუფლება და დანარჩენები უშინაარსოები არიან, თუ ადამიანი ამ უფლებებით — მკვდარია. შესაძლოა გარკვეულმა უფლებებმა გამოიწვიოს შეშფოთება, მაგრამ სიცოცხლისა არ არის მათ შორის.

ჩვენ წეღანაც დავინახეთ, რომ სიცოცხლეზე თქვენი უფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, მისი აღსრულება გამოიღებს თუ არა საუკეთესო შედეგებს. ის აბსოლუტური და უკომპრომისო რამაა, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მისი დარღვევა უფრო სასარგებლო იქნებოდა. არასწორია, რომ ქირურგმა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება დაარღვიოს იმისთვის, რომ თქვენი ორგანოებით 5 ადამიანი გადაარჩინოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებით მთლიან ჯამში უფრო მომგებიან შედეგს ვიღებთ. ჩემი ქმედება არ იქნებოდა სწორი, თუ მე გამიზნულად ხელს ვკრავდი უდანაშაულო ადამიანს სწრაფი მატარებლის წინ, თუნდაც მე 10 ადამიანი გადამერჩინა მისი სიკვდილით.

ამიტომაც სიცოცხლის უფლებას აქვს ფუნდამენტური წონა, რომელიც ვერ გადაიფარება ან დამარცხდება სხვა უფლებით ან საზოგადოებრივი სარგებლით. მაგრამ იგივე უნდა იყოს თავდაცვის უფლების შემთხვევაშიც — რადგან თავდაცვის მიზანი სიცოცხლის დაცვაა, ის უნდა ვრცელდებოდეს ყველა იმ შემთხვევაზე, რომლებზეც ვრცელდება სიცოცხლის უფლება. შესაბამისად, თავდაცვისას ეკვივალენტური ძალა და მასშტაბი უნდა ჰქონდეს. მართლაც, რადგანაც თავდაცვა სიცოცხლის უფლების ნაწილია, მან უნდა გაიზიაროს იგივე სიმძლავრე.

არსებობს თუ არა კიდევ სხვა, დაკავშირებული უფლებები, რომლებიც ასევე თანაბარძალიანია? დიახ, არსებობს. აღვნიშნოთ, რომ თავდაცვა არის ხიფათის მოგერიების უფლება ძალის გამოყენებით. თუმცა, შეტევის მოსაგერიებლად მე არ შემიძლია ძალა გამოვიყენო რაიმე საშუალების გარეშე, იქნება ეს ხელკეტი, ბეისბოლის ბიტა, თუ უბრალოდ ჩემი ხელ-ფეხი. თავდაცვა მოითხოვს, რომ მე გავაკეთო რაღაც, მაგრამ რომ გავაკეთო რაღაც, პირველ რიგში აუცილებლად უნდა გამაჩნდეს ამის საშუალება. ამიტომ თუ მე გამაჩნია თავდაცვის უფლება, მე უნდა მქონდეს იმის უფლებაც, რომ ხელი მიმიწვდებოდეს თავდაცვის საშუალებებზე.

სხვანაირად რომ ვთქვათ, მე უნდა გამაჩნდეს იარაღის ტარების უფლება, როგორც თავდაცვის აუცილებელი კომპონენტის. რადგანაც სიცოცხლის უფლება მოიცავს თავდაცვის უფლებას, ეს კი იარაღის ტარების უფლებას, სიცოცხლის უფლება უნდა მოიცავდეს იარაღის ტარების უფლებას.

შესაბამისად, იარაღის ტარების უფლება, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის უფლების ბუნებრივი გამოხატულებაა. სიცოცხლე, თავდაცვა და იარაღი უფლებათა ერთი სრული პაკეტია. თუ რომელიმე გაქვს, მაშინ ყველა გაქვს. თუ რომელიმე გაკლია, მაშინ ყველა გაკლია. სამივეს თანაბარი ძალა და მასშტაბი აქვს.

თავდაცვა და იარაღის ფლობა

იარაღის ფლობასთან კავშირი ცხადი უნდა იყოს: ის ხელმისაწვდომი, ეფექტური და პროპორციული საშუალებაა თავდაცვისთვის. ამრიგად, იარაღის ფლობის უფლება უბრალოდ სიცოცხლის უფლების გამოხატულებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ბუნებრივი უფლება(იარაღები ხომ ჩვენ გამოვიგონეთ), მისი როლი ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური ბუნებრივი უფლების დაცვაში გულისხმობს, რომ ის იზიარებს მის ძალასა და მასშტაბს. რადგანაც სიცოცხლის უფლება უდრეკია საზოგადოებრივი სარგებლის წინაშე, ასეა იარაღის ფლობის უფლებაც.

სწორედ აქ არის იარაღის საკუთრების საფუძველი: ეს არის პიროვნების უფლება, რომ ჰქონდეს სასიკვდილო ხიფათის მოგერიების სათანადო საშუალება(იქნება ეს კრიმინალის თუ მოძალადე მთავრობის წინააღმდეგ). იარაღების ეფექტი საშუალო უსაფრთხოებაზე ან კრიმინალური აქტების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებზე მეორეხარისხოვანია. რომც გაზარდოს ნებადართული იარაღების საკუთრებამ კრიმინალის საშუალო დონე, ეს ოდნავადაც კი არ დაასუსტებდა თვითონ უფლებას.

გავიმეორებ და ვიტყვი რომ ვფიქრობ, საუკეთესო სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ იარაღები, რეალურად, სიკეთის მომტანია. უფრო მეტიც, გარკვეული აზრით სტატისტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იარაღზე უფლებების შესახებ კამათში. უბრალოდ, ვაღიაროთ, რომ რიცხვების უბრალოდ გადმოყრა უფლებების ბუნებაზე დისკუსიის მაგივრად ზედმეტად მარტივია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, სტატისტიკა არ არის იარაღზე უფლებების საფუძველი, არც არასდროს ყოფილა და ვერც ვერასდროს იქნება. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა ჩვენი მოსაზრების გასამყარებლად, მაგრამ ის ვერასდროს გახდება ბოძი, რომელზეც დგას ყველაფერი.

Love podcasts or audiobooks? Learn on the go with our new app.