დემოკრატიის შესახებ

არსებობს მოსაზრება, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ.

არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

მე სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატია გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ. დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში წარმოიშვა. ძირითადად გამოყოფენ დემოკრატიის ორ ტიპს: პირდაპირსა და წარმომადგენლობითს. მოსაზრებები მისი(ორივე ტიპის) ნაკლოვანებების შესახებ გვხვდება როგორც ძველ, ისე თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფოსთა ნაშრომებში; კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიულ პროცესში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს და ის ამ პროცესის ყველა მონაწილეზე აისახება, ეს კი გვირგვინდება უმრავლესობის, მასების ტირანიაში და იჩაგრება უმცირესობა; შესაბამისად მმართველობის ასეთ ფორმაში ბუნებრივად გვაქვს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა სხვების სასარგებლოდ.

წარმმადგენლობითი დემოკრატია, რომელიც დასავლეთში მმართველობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, ჩემი აზრით, არის უბრალოდ ფარსი და თავისუფლების ილუზია. ის მეოცე საუკუნიდან გადაიქცა წმინდა ხატად, რომლისადმი მიკუთვნებასაც ცდილობდა და ცდილობს ყველა, დესპოტური რეჟიმებიც კი. ეს სისტემა თავს გვაჩვენებს, რომ თითქოს თითოეულ მოქალაქეს აქვს იმის თავისუფლება, ცხოვრება გაიუმჯობესოს და სამართლიანი კანონების შექმნაში მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლების არჩევით. თუმცა მმართველის არჩევის უფლება თავად მოქალაქეს ვერანაირად ვერ აქცევს მმართველად(არადა თითქოს სწორედ ამას უნდა გულისხმობდეს ტერმინი “დემოკრატია”). მოსკოვის სამთავროში წელიწადში ერთხელ(უფრო ხშირად ვიდრე დღევანდელ ამომრჩეველს) ყმა გლეხს ბატონის არჩევის უფლება ჰქონდა, მაგრამ ყმის ეს უფლება არ გვაძლევს საშუალებას, რომ ის ბატონის მმართველად განვიხილოთ. წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც ხასიათდება სამთავრობო კლასითა და ჩვეულებრივი (ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არ მონაწილეობენ) მოქალაქეებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის უმცირესობის ძალაუფლება, ოღონდ ამ უმცირესობაში მოსახლეობის უმრავლესობის აზრია გამოვლენილი. ხმის მიცემა კი არის პროცესი, რომლის მიზანი მისი ლეგიტიმაცია და დანარჩენ მოსახლეობაზე საკუთარი აზრის მოხვევაა. როგორც ამერიკელი ანარქისტი ბენჟამინ ტაკერი ამბობდა: “აგრესიის ბუნება არ იცვლება, გინდ იყოს ის ერთი ადამიანის მიერ სხვის მიმართ გამოვლენილი, როგორც ჩვეულებრივი კრიმინალური აქტის შემთხვევაშია, ან ერთი ადამიანის მიერ ყველას მიმართ გამოვლენილი, როგორც აბსოლუტური მონარქიის, ან ყველას მიერ ერთი ადამიანის მიმართ, თანამედროვე დემოკრატიის სახით”.

პირდაპირი დემოკრატია კი, ძირითადად, ბიუროკრატიისგან დაცლილია და უმრავლესობის ნების განხორციელებას ყოველგვარი წარმომადგენლის გარეშე უზრუნველყოფს. თუმცა ფუნდამენტური პრინციპი ხომ იგივე რჩება. წარმომადგენლობითი სისტემისგან განსხვავებით, ის ბევრად უფრო დაუფარავი ფორმაა უმცირესობის ჩაგვრისა და მმართველობის. ჯონ სტიუარტ მილი თავის წიგნში “თავისუფლების შესახებ” ამჟღავნებს აზრს, რომ ეს ტირანის, დესპოტის ძალაუფლების ტოლფასიც კი შეიძლება გახდეს. როდესაც შენ საზოგადოებას თავს უხრი შენი ნებისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ, შენ მონა ხარ. “თუ ინდივიდს საკუთარი თავის განკარგვის უფლება აქვს, ნებისმიერი დამატებითი მმართველი — ტირანიაა” — ბენჟამინ ტაკერი. ჰენრი დევიდ თორო კი წერდა — “გა­ნა მთავ­რო­ბა ისე­თი არ უნ­და იყოს, რომ მი­სი მმარ­თვე­ლო­ბის დროს მარ­თა­ლი და მტყუანი სინ­დი­სით გა­ნის­ჯე­ბო­დეს, და არა უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბი­სა­მებრ?” შესაბამისად თუ არ არსებობს სამართლიანობის გარკვეული საერთო პრინციპი და თავისუფალი ასოციაციის უფლება, ინდივიდი განწირულია საკუთარი თავისუფლების სხვისთვის შესაწირად.

დემოკრატიის მეხოტბეებში გავრცელებულია აზრი, რომ რაღაცნაირად, უფრო მეტად “პროგრესული” დემოკრატიული პრინციპების დანერგვით, საზოგადოების ძირეული და რთული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი იქნება. არ უარვყოფ, რომ მონარქიის ან ტოტალიტარული რეჟიმის ტრანსფორმაცია დიდი წინსვლაა, და შეიძლება ადამიანების განვითარებას ხელი შეუწყოს, და ამგვარ პროცესებს ყოველთვის მხარს დავუჭერ. თუმცა ვინც საზოგადოების გრანდიოზულ, ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას ასეთი გზებით გვპირდება, ან თავისივე შემოთავაზებული კონცეფცია არ აქვს სიღრმისეულად გააზრებული, ან პოლიტიკოსია. უმრავლესობის მმართველობა მხოლოდ რაოდენობით განსხვავდება ერთის მმართველობისგან, ის მაინც ინდივიდის თავისუფლებასა და გონებრიობას ზღუდავს სხვების სასარგებლოდ. ეს კი განვითარების საწინდარი არ არის. როგორც ტოლსტოი წერდა — “მხოლოდ ერთი ურყევი რევოლუცია იქნება — მორალური რევოლუცია: ადამიანის შინაგანი გარდაქმნა… და მაინც, სამყაროში ყველა ფიქრობს კაცობრიობის შეცვლაზე, და არავინ — საკუთარი თავის.

საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, აპრიორი ძალადობრივია და გულისხმობს საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას სხვის სასარგებლოდ. ჩემი აზრით, დემოკრატიული(ან ნებისმიერი სხვა) მმართველობის ჩანაცვლება შესაძლებელია საერთო ინტერესის მქონე ადამიანების ასოციაციებითა და კონტრაქტუალური ურთიერთობებით, რომლებიც ყველა წევრისთვის ხელსაყრელნი იქნებიან, მოწყობით კი — არაიერარქიული. ამგვარად სამართლიანობის ძირითად პრინციპებზე შეთანხმებულ ადამიანებს დემოკრატიის ან სხვა იერარქიული ფორმებისთვის თავის დახრა არ დასჭირდებათ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს დაამყარებენ. ამის შედეგი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბევრად უფრო თავისუფალი და უბოროტო საზოგადოება იქნება(ამის მაგალითი მრავლად გვაქვს ისტორიაში), რომელშიც ყველას ექნება შანსი საკუთარი თავის სრულად რეალიზაციისა და მაქსიმალურად ნაყოფიერად ცხოვრების.

CS student. I like liberty and sometimes I translate stuff.

Get the Medium app

A button that says 'Download on the App Store', and if clicked it will lead you to the iOS App store
A button that says 'Get it on, Google Play', and if clicked it will lead you to the Google Play store